logo
ENG



ბურჯანაძე "ხალხის ძალის" კანონპროექტზე: არაკონსტიტუციურია, შეუთავსებელია EU-ს პრინციპებთან

16 თებ 202317:20
3 წუთის საკითხავი
 
ბურჯანაძე "ხალხის ძალის" კანონპროექტზე: არაკონსტიტუციურია, შეუთავსებელია EU-ს პრინციპებთან

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ დაინიცირებული კანონპროექტი "სრულიად არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოა".

ბურჯანაძის შეფასებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ძირითად უფლებებთან.

"ვითომ გამჭვირვალობის ეგიდით მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტური ფუნქციონირების ხელშეშლა, რაც სრულიად დაუშვებელია და ამ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს დაარღვევს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ ხაზი უნდა გაესვას - ის წინააღმდეგობაში მოდის გაერთიანების თავისუფლებასთან, ძირითად უფლებებთან და ამიტომ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის სრულიად არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო. ევროკავშირის სასამართლოს ნათქვამი აქვს მსგავს კანონზე, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ევროკავშირის ძირითად უფლებებთან"- ამბობს ბურჯანაძე.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს "პოლიტიკოსების, NGO-ებისა და მედიის შემოსავლის წყაროები".

მისი თქმით, სუბიექტების "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მათ, ვინც თავს აარიდებს რეგისტრაციას, "შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები" დაეკისრებათ. დეპუტატი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.

კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. 

სახდეპის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ამ კანონპროექტმა საქართველოში, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიაზე გავლენა იქონიოს.

მისივე თქმით, ხსენებულ საკითხზე წუხილი ქართულ მხარესთან ვაშინგტონმა უკვე გამოხატა.


close დახურვა